Accentnews.ge
მერიამ ორხევის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, ანალოგიურ პროცესს ელიან აფრიკის დასახლებაშიც

მერიამ ორხევის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, ანალოგიურ პროცესს ელიან აფრიკის დასახლებაშიც

28/01/2022 08:11:22 საზოგადოება

თბილისის მერია ორხევის დასახლებაში შენობა–ნაგებობების დემონტაჟს ახორციელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურმა დემონტაჟი დილის 7 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე 5 სახლია დანგრეული.

როგორც ისინი ყვებიან, დემონტაჟზე მერიის არგუმენტია, რომ "მშენებლობები უკანონოა და უნდა დაინგრეს".

"ვცხოვრობდით მაგ სახლში. ისე არ ყოფილა, რომ აშენებული და დაგდებული მქონოდა, ან არ მეცხოვროს. მქონდა საცხოვრებლად იმიტომ, რომ არსად მაქვს სხვა საცხოვრებელი. შეგვპირდნენ, რომ მოვა გამგებელი და დაგაკმაყოფილებთო იმიტომ, რომ დღეს სხვაგან დასარჩენიც არ მაქვს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილზე რამდენჯერმა დაიძაბა ვითარება, რადგან ადგილობრივები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, მსგავსი პროცესის დაწყებას ელიან აფრიკის დასახლებაშიც.

საკითხზე კომენტარი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა და გააცხადა, რომ არავის მისცემს შესაძლებლობა, „სახელმწიფო მიწები დაიტაცონ, მით უმეტეს, როდესაც ხდება მოკვლევა, ვინ არიან ეს ადამიანები, ისინი ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში და ასევე დედაქალაქშიც“.

მისი თქმით, ნაგებობების მეპატრონეები თვითნებურად დაწყებული შენობების დემონტაჟის შესახებ ყველანაირად გაფრთხილებული იყვნენ.

„ყველანაირი გაფრთხილება მიცემულია. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობა. თქვენ არაერთი კადრი იხილეთ ასეთი, რომ ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი რეაგირება.

თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს განცხადებას, როდესაც კახა კალაძე ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრი ამბობს, რომ ჩვენ უკანონო ქონებებს დავაკანონებთ. არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ მოხდეს სახელმწიფო მიწების დატაცება. მით უმეტეს, როდესაც ხდება მოკვლევა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. სინამდვილეში ესენი არიან ისინი, რომლებიც ფლობენ მიწის ნაკვეთებს რეგიონებში და ფლობენ ბინებს დედაქალაქში.

რაც შეეხება უსახლკაროებს, ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროგრამა, ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება და ყველა უსახლკარო ადამიანი, 400-მდე ასეთი სტატუსმატარებელი გვყავს დედაქალაქში და უკლებლივ ყველა დაკმაყოფილდება. პროგრამა მომავალი თვიდან იწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S