ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, არიან დაჭრილები
27/01/2022 16:45:46 მსოფლიო
ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე, თორთ-ქოჩოს მიდამოებში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, არიან დაჭრილები.
ტაჯიკეთის მხარეს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურში კი განაცხადეს, რომ "ისროდნენ ორივე მხრიდან".
"ადგილობრივი დროით 17:30-დან 18:00 სთ-მდე ტაჯიკმა მესაზღვრეებმა ცალმხრივად გადაკეტეს გზის ბათქენ-ისფანის მონაკვეთი. გზა მოლაპარაკებების შემდეგ გაიხსნა. თუმცა მალევე ვითარება კვლავ დაიძაბა ტაჯიკეთის მხარის მიერ ჩირ-დობოს მიდამოებში სასაზღვრო ქვედანაყოფის მესაზღვრეების მიმართ იარაღის გამოყენების გამო. 20:30 სთ-სთვის ვითარება ჯერ კიდევ დაძაბული იყო, გრძელდებოდა პერიოდული ორმხრივი სროლა, ტაჯიკეთის მხარე იყენებდა ყუმბარმტყორცნებსა და ნაღმმტყორცნებს" - აცხადებენ უწყებაში.
"აზია პლუსი" ადგილობრივ მაცხოვრებლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სოფელ სომონიენიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მათივე მტკიცებით, ცეცხლი ჯერ ყირგიზეთის მესაზღვრეებმა გახსნეს, ტაჯიკებმა კი უპასუხეს. "არიან დაჭრილები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია" - აცხადებენ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვრის სიგრძე 970 კმ-ს აღემატება, მათგან სადღეისოდ მხოლოდ 519 კმ-იანი მონაკვეთია დელიმიტირებული. ზოგან ქუჩის ერთ ნაწილზე განლაგებული სახლები ტაჯიკეთს მიეკუთვნება, მეორეზე - ყირგიზეთს. გარდა ამისა, ყირგიზეთის ტერიტორიაზე ორი ტაჯიკური ანკლავია განლაგებული. ამის გამო ხშირად ხდება ლოკალური კონფლიქტები მიწის, წყლის, საზღვრის კვეთისა და ეთნიკური უთანხმოებების ნიადაგზე.


