გუტერეში: "ავღანეთი ბეწვზე კიდია, დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს"
26/01/2022 18:41:28 მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ავღანეთი „ბეწვზე კიდია“ და გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, „შეაჩეროს წესები და ოპერაციები“, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აძლევს ამ ქვეყნისთვის სასწრაფო დახმარების აღმოჩენის საშუალებას. ამის შესახებ გუტერეშმა 26 იანვარს ავღანეთში შექმნილ ვითარებისადმი მიძღვნილ საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
„ფინანსურ დაწესებულებებსა და კომერციულ პარტნიორებს უნდა მივცეთ იურიდიული გარანტიები, რომ ჰუმანიტარულ ოპერატორებთან თანამშრომლობა შეუძლიათ ისე, რომ არ ეშინოდეთ სანქციების. აუცილებელია რესურსების სასწრაფოდ გამოყოფა, რათა დავეხმაროთ ავღანელ ხალხს ზამთრის გადატანაში. დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,“– განაცხადა გუტერეშმა.
გაეროს შეფასებით, ავღანეთში დაახლოებით 22,8 მილიონი ადამიანი განიცდის სურსათის ნაკლებობას, 8,7 მილიონი ადამიანი შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა.
ავღანეთში ჰუმანიტარული ვითარება მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც აგვისტოში თალიბანი მოვიდა ხელისუფლების სათავეში.


