რუსეთის მმართველი პარტია პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის იარაღით მომარაგებისკენ მოუწოდებს
26/01/2022 17:28:12 მსოფლიო
რუსეთის მმართველი პარტია "ედინაია რასია" რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს, უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები – ლუგანსკი და დონეცკი იარაღით მოამარაგოს.
"ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ამ საკითხზე და მივედით დასკვნამდე, რომ ვერ მივატოვებთ მოქალაქეებს კიევის რეჟიმის პირისპირ. ამასთან დაკავშირებით, მივმართავთ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას თხოვნით, დახმარება გაუწიოს ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკებს სამხედრო პროდუქციის მიწოდების სახით, რომელიც აუცილებელია აგრესიის შესაჩერებლად, ასევე მიიღოს ყველა საჭირო ზომა მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ ვლადიმირ ვასილიევმა.
მანამდე ოკუპირებული რეგიონებისთვის იარაღის მიწოდების იდეა მმართველი პარტიის საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა წამოაყენა.
ცნობილია, რომ სახლმწიფო სათათბიროში თებერვლში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან სამხედროები ჰყავს მობილიზებული. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
ბაიდენმა 24 იანვარს, გვიან, თავის ევროპელ მოკაშირეებთან 80 - წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ არის „სრული თანხმობა“ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხში.


