
ხუთ ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
26/01/2022 08:38:54 საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორსა და თელავში აქციები მიმდინარეობს.
"ნუ ძალადობ", "მწამებელი სისტემა", "არა მილიციას" - ამ ლოზუნგებით მოქალაქეები პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ერთეული პოლიციელების დაკავება საერთო ფონს ვერ შეცვლის და საჭიროა სისტემური ცვლილებები.
სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა ზუგდიდში, მოქალაქეებს ტროტუარზე წარწერის გაკეთება სურდათ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.
24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს ერთი პოლიციელი, მისი მეწყვილე კი ძალადობას რეაგირების გარეშე ადევნებს თვალს. ამ დროისთვის ორივე მათგანი დაკავებულია.
25 იანვარს სოციალური ქსელით გავრცელდა პოლიციელის მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ამსახველი მორიგი კადრები. ამ შემხვევაში დაზარალებული ქალია. პროკურატურის ცნობით, პოლიციელი დაკავებულია.