
WHO: სად იკლო და სად იმატა კოვიდ–ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებლებმა
26/01/2022 06:23:25 მსოფლიო, საზოგადოება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ერთ კვირაში (17-23 იანვარი) მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ–ინფიცირების 21 362 288 შემთხვევა აღირიცხა, რაც პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა ერთ კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.
ბოლო კვირის განმავლობაში, მსოფლიოში COVID-19-ით გარდაიცვალა 49 890 ადამიანი. წინა 7-დღიან პერიოდთან შედარებით, ლეტალობის მაჩვენებელი 1%-ითაა გაზრდილი.
WHO-ს მონაცემებით, გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად – 44%-ით გაიზარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 15%-იანი მატება იყო აღმოსავლეთ ხმელათაშუაზღვისპირეთში და 5%-იანი ამერიკაში. სხვა რეგიონებში ლეტალობის მაჩვენებელი შემცირდა.
ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად – 31%-ით შემცირდა აფრიკაში და 10%-ით ამერიკაში. მატების მხრივ, პირველ ადგილზე იყო აღმოსავლეთ ხმელათაშუაზღვისპირეთი(+39%). ინფიცირების შემთხვევებმა 36%-ით მოიმატა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და 13%-ით ევროპაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში შემცირებას განაგრძობს „დელტა" ვარიანტის გავრცელება და დომინირებს „ომიკრონი“, რომელიც განსაკუთრებულად სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა. ამასთან, ქვეყნებში, სადაც 2021 წლის ნოემბერში მკვეთრად გაიზარდა "ომიკრონით" ინფიცირებულთა რაოდენობა, დეკემბრიდან კლების ტენდენცია დაიწყო.