
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები პროტესტის ნიშნად დღეს ორ ლოკაციაზე შეიკრიბნენ
20/01/2022 10:14:21 პოლიტიკა, საზოგადოება
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები პროტესტის ნიშნად დღეს ორ ლოკაციაზე შეიკრიბნენ: ბილისში – მთავრობის ადმინისტრაციის და ბათუმში – აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს შენობებთან.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
სოციალური აგენტების მოთხოვნაა ანაზღაურების 100%-ით გაზრდა და ტრანსპორტის ხარჯების უზრუნველყოფა. 400-მდე სოციალური აგენტი უკვე მეოთხე დღეა, გაფიცულია და ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს.
სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ შეთავაზება, რომელიც მათ ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიიღეს, არაადეკვატურია:
„ვინმეს შეიძლება, არარეალურად მოეჩვენოს ხელფასის ასპროცენტიანი ზრდის მოთხოვნა, მაგრამ ჩვენ ხელფასი ამ შემთხვევაშიც მაქსიმუმ 600-700 ლარს მიაღწევს და თავად განსაჯეთ, რამდენად საკმარისია. გაფიცული ვართ ყველა თანამშრომელი. წარმოიდგინეთ, მუშაობის შემთხვევაში, ფეხით უნდა მივიდეთ ოჯახებში ასეთ თოვლიან ამინდში, შემდეგ დავბრუნდეთ და დეკლარაციები მივიტანოთ სამსახურში. ასე გაგრძელება შეუძლებელია“.
ცნობისთვის: 16 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სოციალური აგენტებისა და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან 60%-მდე გაიზრდება. სოციალური აგენტებისთვის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია და როგორც აცხადებენ, გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.