საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო ქვეყნები
20/01/2022 07:34:34 ეკონომიკა
2021 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 615.6 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი – 610.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 531.7 მლნ. აშშ დოლარით.
რაც შეეხება იმპორტს, უწყების ინფორმაციით, გასულ წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.1% შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 823.7 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 1 028.6 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 864.9 მლნ. აშშ დოლარით.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 815.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 477.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 456.6 მლნ. აშშ დოლარით.
ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი გასულ წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 898.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 822.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 736.1 მლნ. აშშ დოლარით.


