ირანის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩადის
18/01/2022 13:35:39 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 19 იანვარს მოსკოვში უმასპინძლებს თავის ირანელ კოლეგას ებრაჰიმ რაისის.– იუწყება კრემლი.
ამავე წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხია ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება თეირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის.
ეს იქნება მოსკოვში ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2017 წლის შემდეგ.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, პუტინი და რაისი განიხილავენ „ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების მთელს წყებას,“ მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლითაც გაუქმდა ირანის მიმართ სანქციები თეირანის მიერ ბირთვულ სფეროში საქმიანობის შესუსტების სანაცვლოდ.
მოსკოვსა და თეირანს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირები აქვთ. ისინი არიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მხარდამჭერები სირიაში ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომში.
ირანის ბირთვული შეთანხმების დარღვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2018 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცალმხრივად დატოვა ხელშეკრულება და სანქციები დაუწესა ირანს.
შარშან ირანსა და შეთანხმების ხელმომწერ დანარჩენ მონაწილეებს - აშშ-ს, ბრიტანეთს, რუსეთს, ჩინეთსა და გერმანიას - შორის მოლაპარაკებების სერია გაიმართა. მოლაპარაკებების მთავარი მიზანია, შეერთებული შტატები კვლავ დაუბრუნდეს შეთანხმებას და გააუქმოს სანქციები, ირანმა კი განაახლოს შეთანხმების პირობების სრულად შესრულება.


