სასამართლო ტერორისტი ბრეივიკის ვადამდელი გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებს
18/01/2022 12:35:20 მსოფლიო
ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი 18 იანვარს სასამართლოს წინაშე წარდგება, ირწმუნება რა, რომ აღარ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს და ცდილობს, მიაღწიოს 2–წლიანი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას.
სასამართლო მოსმენა სამ დღეს გასტანს, ხოლო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
2011 წელს ბრეივიკმა ოსლოში, პრემიერ-მინისტრის ოფისთან მანქანა ააფეთქა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა. შემდეგ მან ახალგაზრდულ ბანაკში 69 ადამიანი მოკლა.
ნორვეგიაში მას მრავალწლიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა სასჯელის პირველი 10 წლის ამოწურვის შემდეგ, მას აქვს უფლება, მოითხოვოს პირობითი გათავისუფლება.
მსხვერპლთა ოჯახები შიშობენ, რომ ის საჯაროდ დაიცავს თავის უკიდურეს შეხედულებებს სასამართლო მოსმენების დროს.
2012 წელს ბრეივიკი ყოველდღიურად დადიოდა სასამართლო პროცესზე, დამსწრეებს შეკრული მუშტით ესალმებოდა, ხოლო მსხვერპლთა ოჯახებს უთხრა, რომ მეტი ადამიანის მოკვლა სურდა.
მან ციხეში ფაშისტური პარტიის შექმნა სცადა და ევროპელ და ამერიკელ მემარჯვენე ექსტრემისტებს ფოსტით დაუკავშირდა, თუმცა ციხის თანამშრომლებმა წერილების დიდი ნაწილის კონფისკაცია მოახდინეს, შიშობდნენ რა, რომ ბრეივიკი უბიძგებდა სხვებს ძალადობისკენ.
მან 2016 წელს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ სხვა პატიმრებისგან მისი იზოლაცია, ხშირი ჩხრეკები გაშიშვლების ჩათვლით და ის ფაქტი, რომ პატიმრობის საწყის ეტაპზე მას ხშირად ადებდნენ ხელბორკილს, წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას.
ბრეივიკმა სასამართლოში საქმე მოიგო, თუმცა 2017 წელს ზემოისტანციამ გადაწყვეტილება გააუქმა.
2018 წელს მან პირველად განაცხადა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს. ამის შესახებ მან ციხის ხელმძღვანელებისთვის დაწერილ წერილში აღნიშნა.
ბრეივიკმა წერილი 2017 წელს, მისი უფლებების დარღვევის საქმეზე სასამართლო დავის წაგების შემდეგ დაწერა.
"ვნანობ, რაც 2011 წლის 22 ივლისს გავაკეთე. შესაძლებელი რომ იყოს, ისე ვიზამდი, რომ ეს არ მომხდარიყო", - ნათქვამია ბრეივიკის წერილში.
ექსპერტები ბრეივიკის გათავისუფლებას არ პროგნოზირებენ.


