Accentnews.ge
საქართველოს რეგიონები, სადაც "ომიკრონის" ცირკულაცია მაღალია

საქართველოს რეგიონები, სადაც "ომიკრონის" ცირკულაცია მაღალია

18/01/2022 07:46:55 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, სადღეისოდ თბილისში „ომიკრონის“ ინციდენტობის წილი 65%–ია, რეგიონებში – 30-35%. ჯამში, ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი ახალი შემთხვევების 50% „ომიკრონია“.

ამასთან, „ომიკრონის“ ცირკულაციის თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზეა დედაქალაქი, მას მოსდევს იმერეთი, აჭარა და შიდა ქართლი.

ინფორმაციისთვის: ბოლო 24 საათში თბილისში გამოვლენილია კოვიდ–ინფიცირების 4 171 შემთხვევა,აჭარაში – 801,იმერეთში – 792, შიდა ქართლში – 380.

გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1 254 შემთხვევა, თუმცა ვარაუდობს, რომ ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა, ორჯერ მეტი იყოს, ვიდრე ლაბორატორიულადაა გამოვლენილი, რადგან ადამიანებს შესაძლოა, ჰქონდე მსუბუქი ხველა, სურდო და არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს, არ იტარებენ ტესტს.

NCDC–ს ხელმძღვანელის ცნობით, 1 254 შემთხვევიდან უმეტესობა ახალგაზრდებზე მოდის:

„სტაციონარში მოხვდა 14 პაციენტი. მათგან 13 უკვე გაწერილია და სტაციონარიზაციის ძირითადი მიზეზი არა კოვიდის სიმძიმე, არამედ თანხმლები დაავადებები გახდა“.

გამყრელიძე პრაქტიკაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „ომიკრონი“ „დელტასთან“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, რაც მცირე სიმშვიდის საშუალებას იძლევა, თუმცა არა მოდუნების საფუძველს:

“ომიკრონს“ რეინფიცირების 3–ჯერ მეტი მაჩვენებელი აქვს – 1 254 შემთხვევიდან 17%–ზე მეტი რეინფიცირება გვაქვს: ადამიანი იყო „დელტათი“ ინფიცირებული და შემდეგ დაინფიცირდა „ომიკრონით“. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით, შედარებით მსუბუქია, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ – „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და დამძიმებას, ამიტომ სჯობს, არ შეგხვდეთ „ომიკრონი“.

ამისთვის კი სადღეისოდ უპირველესი რეკომენდაციაა ბუსტერიზაცია და პირბადის ტარება.

გამყრელიძე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე დოზა იცავს ადამიანს ვირუსით ინფიცირებისგან და ის მოქალაქეებს ბუსტერიზაციისკენ მოუწოდებს.

საქართველოში ბუსტერიზაცია შესაძლებელია როგორც ჩინური წარმოების, ისე „ფაიზერის“ ვაქცინებით, თუმცა გამყრელიძე მიუთითებს, რომ „ფაიზერით“ ბუსტერიზაცია საკმაოდ იცავს პირს ინფიცირებისგან.

სადღეისოდ ქვეყანაში 120 000 ბუსტერია გაკეთებული.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კოვიდ–ინფიცირების 7 000–ზე მეტი შემთხვეა გამოვლინდა, გამყრელიძე ინფიცირების შემთხვევების ზრდას პროგნოზირებს.

„პროგნოზით, პიკზე უნდა გვქონდეს 10 000–15 000–მდე გამოვლენილი შემთხვევა“,– დასძინა გამყრელიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S