მედია: რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო
18/01/2022 06:55:50 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინიდან საკუთარი დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო,– იუწყება ამერიკულ გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, კიევში მდებარე რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატთა ნაწილის ცოლები და შვილები 5 იანვარს მოსკოვში გაემგზავრნენ, კიდევ 30–მდე პირმა უკრაინა შემდგომ დღეებში დატოვა.რუსეთის კიდევ ორ საკონსულოში დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის მზადყოფნა ურჩიეს.
როგორც „ნიუ-იოკრ თაიმსი“ აღნიშნავს, უკრაინასა და აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მიერ დიპლომატთა ოჯახების ევაკუაცია შესაძლოა, იყოს პროპაგანდის ნაწილი, თავდასხმისთვის მზადება ან შეცდომაში შემყვანი ნაბიჯი.
აშშ-ის ოფიციალური პირები მედიასაშუალებასთან აღნიშნავენ, რომ ევაკუაციის მზადების შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კიევში მდებარე რუსეთის საელჩო საშტატო რეჟიმში მუშაობს.
გასულ კვირაში პენტაგონსა და თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციისთვის საბაბს ამზადებს.


