
მედია: კანადამ უკრაინაში სპეცრაზმი გაგზავნა
18/01/2022 06:33:43 მსოფლიო
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მზარდი მოლოდინის და ნატო–რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე, კანადამ უკრაინაში სპეცრაზმის მცირე კონტინგენტი გაგზავნა,– იუწყება კანადური მედიასაშუალება.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, კანადის ხელისუფლებამ უკრაინაში სპეცდანიშნულების ჯგუფის გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ მიმართული დიპლომატიური მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ხოლო რუსული სამხედრო ძალები კვლავ უკრაინის საზღვართან დარჩნენ.
ამავე წყაროს ცნობით, სპეცრაზმის გაგზავნა უკრაინაში არის ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევის ნაწილი, შეაკავონ რუსეთის აგრესია უკრაინაში და განსაზღვრონ გზები უკრაინის დასახმარებლად. სპეცდანიშნულების რაზმის ამოცანა ასევე იქნება, შეიმუშავოს ევაკუაციის გეგმა კანადის დიპლომატიური პერსონალისთვის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი უკრაინაში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება ქვეყნის სუვერენიტეტისადმი კანადის მხარდაჭერის დასადასტურებლად.