ნაზარბაევის ნათესავები ყაზახეთში თანამდებობებს კარგავენ
17/01/2022 17:00:38 მსოფლიო
ყაზახეთში მომხდარი არეულობის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის გარემოცვის წევრები თანამდებობებს კარგავენ, რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ნაზარბაევის გავლენის მაქსიმალურად შემცირებას ცდილობს.
ყაზახეთის მეწარმეთა სახელმწიფო ქარტიამ 17 იანვარს გამოაცხადა, რომ გადადგა მისი ხელმღვანელი – ტიმურ კულიბაევი (ნაზარბაევის ერთ-ერთი სიძე).
ამავე დღეს პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გამოსცა ბრძანება ნაზარბაევის ძმისშვილის – სამატ აბიშის გათავისუფლების შესახებ ეროვნული უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობიდან.
მანამდე ნაზარბაევის კიდევ ორი სიძე გათავისუფლდა წამყვანი თანამდებობებიდან ქვეყნის ორ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებში.
ყაზახეთში ნაწილობრვ კვლავ მოქმედებს იანვრის დასაწყისში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა.
ოფიციალური მონაცემებით, ანტისამთავრობო გამოსვლებს სულ მცირე 225 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 19 სამართალდამცველი.
უფლებადამცველთა ნაწილის თქმით, მსხვერპლთაგან ბევრი იყო უბრალო გამვლელი, რომლებსაც კავშირი არ ჰქონდათ საპროტესტო გამოსვლებთან.


