
ვინ ისარგებლებს ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების პროგრამით
17/01/2022 12:10:17 საზოგადოება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, ვის შეეხება ელექტროენერგიის ტარიფის ნამატის სუბსიდირება.
კერძოდ, მისი თქმით, "ასეთი სუბსიდია უნდა იყოს მეტად ადრესირებული სწორედ იმ მოსახლეობისკენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ვისაც ყველაზე მეტად წაადგება. ამიტომაც, მთავრობამ უარი თქვა იმ მიდგომაზე, რომელიც მოხმარებულ კილოვატებზეა მიბმული, რადგან, მათი ხედვით, მსგავს შემთხვევაში სოციალური სამართლიანობის პრინციპი ვერ იქნებოდა დაცული.
ამდენად, თურნავას განმარტებით, მთელი წლის განმავლობაში სუბსიდირება შეეხება იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვისაც აქვს 150 000 და ნაკლები ქულა:
„ ასეთი არის დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი, ის ტარიფის გაძვირება, რომელიც მოხდა 2020 წლის დეკემბერში, დაუსუბსიდირდებათ სრულად 200 კვტ.სთ-ის ფარგლებში," - განაცხადა ნათია თურნავამ.
სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამაც გააკეთა:
"მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზრდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული ლარი დაიხარჯება. ასეთი ბაზაში რეგისტრირებულ აბონენტთა 310 000-ზე მეტია, თუმცა თითოეულ ოჯახში მაცხოვრებელ ადამიანზე გადამრავლდება, რაც მილიონ მოქალაქეზე მეტია, რაც მთავრობის მეთაურის მიერ იქნა ხაზგასმული".
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის ინფლაციური პროცესების შესამსუბუქებლად, მიზნობრივი ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დასუბსიდირდება. კერძოდ, სუბსიდირება შეეხება ელექტროენერგიის ძველსა და 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას. მიმდინარე წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით სუბსიდიით სარგებლობა შეეძლება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას. სუბსიდიის ახალი პროგრამის შესაბამისად, მიზნობრივ ჯგუფებს დაუსუბსიდირდებათ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგია.