Accentnews.ge
ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს

ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს

14/01/2022 05:28:35 საზოგადოება

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

როგორც გათავისუფლებული თანამშრომელი ნინო ხუნდაძე ჰყვება, დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა ფონდების ორ კურატორს გათავისუფლების შესახებ სიტყვიერად შეატყობინა:

"გაამთლიანეს ფონდები და ორი კურატორი ვიყავით და არჩევანი გააკეთეს მეორე ადამიანზე, ეს მითხრეს და მითხრეს, რომ მე ვარ გათავისუფლებული. საუბრისას, თითქოს რაღაცის შემოთავაზებას აპირებდნენ, აქ არ გვაქვს ვაკანსიაო, მაგრამ მე ვერაფრით წარმოვიდგინე, სად შეიძლება ვიყო მუზეუმის გარდა, ამიტომ უარი ვუთხარი", - ამბობს გათავისუფლებული თანამშრომელი ნინო ხუნდაძე.

ხელოვნების მუზეუმში ახალი ხელმძღვანელი მას შემდეგ დაინიშნა, რაც კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშნეს. კიკნაძე ეროვნული მუზეუმის დანგრევის შესახებ მომზადებულ დასკვნას აპროტესტებდა. წულუკიანის ბრძანებით, მისი თანამდებობა ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა.

ახალბედაშვილმა დანიშვნის შემდეგ მუზეუმიდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა, რამდენიმემ კი სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა.

ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

22 ივლისს გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს".

ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს. მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S