
ცომაიამ გაიხსენა რა უთხრა პატრულმა, როცა მანქანაში მას სააკაშვილი ეჯდა
13/01/2022 16:10:35 საზოგადოება
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ სასამართლო პროცესზე გაიხსენა ბათუმიდან თბილისში დაბრუნების დროს პატრულის თანამშრომელთან გასაუბრების ეპიზოდი.
"გზაში გაგვაჩერა პატრულმა. მათვალიერებდა მეც, მიხეილ სააკაშვილსაც, მანქანას და ვნერვიულობდი, კაცი გვერდით მეჯდა, მაგრამ "უკანა ნათურები არ გინათებსო და ჯარიმას გამოგიწერო". გულში ვფიქრობ, "შენ გაგახარა ღმერთმა-მეთქი". გამომიწერა, ჩავსხედით ისევ და წამოვედით", - გაიხსენა ცომაიამ სასამართლოში.
როგორც ცომაიამ თქვა, ამის შემდეგ მათ სატრანსპორტო საშუალების შეცვლა გადაწყვიტეს.
გამოძიების ვერსიით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.