
სააკაშვილის საქმეზე დაკავებული: „არავინ დაინტერესებულხართ, რატომ გავაკეთე“
13/01/2022 12:33:12 საზოგადოება
ტრაილერის, რომლითაც, გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მალულად დაბრუნდა, მძღოლმა ელგუჯა ცომაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივისცემა იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მის სახლში ყოფნა.
განცხადება ცომაიამ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საქმეზე გამართულ სხდომაზე გააკეთა, სადაც მოწმის სახით დაიკითხა.
"ჩემთვის დიდი პატივისცემა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩემს სახლში რომ იყო ერთ ადგილას, მეორე ადგილას, ჩემი ბავშვების ოთახში რომ ეძინა...
არავინ დაინტერესებულხართ, რატომ გავაკეთე ეს ნაბიჯი. თქვენ აზრზე არ ხართ, რამდენი პრობლემა მაქვს გადატანილი და დღესაც. ამას ჰაერზე არ ვამბობ, საბუთები მაქვს და იმასაც გეტყვით, არ ეწყინოთ [პროკურორებს] ახალგაზრდა ბიჭები არიან და თქვენ ახალგაზრდა ქალბატონი [მოსამართლე]. ვერც საგადასახადომ მიშველა, ვერც პოლიციამ, ვერც ძველმა ბიჭებმა, ვერც ვერავინ მიშველა. ერთადერთმა ადამიანმა მითხრა, რომ შევძლებ მოხმარებასო. ეს იყო გია ლორთქიფანიძე და როგორ არ უნდა ვცე მე მაგას პატივი?!" - თქვა ცომაიამ.
ცომაია სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულია. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მან შემოიყვანა ტრაილერით ის ქვეყანაში და შემდეგ უკვე საკუთარ ბინაში აცხოვრა.