
კონსორციუმი: "ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე მიმართული იყო ანაკლიის პორტის პროექტის ჩავარდნისკენ"
13/01/2022 08:36:25 საზოგადოება
„ანაკლიის განვითრების კონსორციუმი“ თავისი აქციონერების ‐ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ 12 იანვრის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ეცადა, „ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი“.
„მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული სამწლიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ თავზე კვლავ ჰაერში გამოკიდებულს ტოვებს უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივ ბრალდებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო და არის პოლიტიკური და მიმართული იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი“,- ნათქვამია კონსორციუმის განცადებაში.
მასში ასევე ვკითხულობთ, რომ „გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობა ქართული სასამართლოსა და მთავრობის მიერ“.
„სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრების საფუძვლით, თუმცა თვითნებურად გადააკვალიფიცირა თაღლითობით, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ ჰქონდა. ეს შედეგი ფარსია, რადგან პროკურატურას ასეთ დანაშაულზე არ წარუდგენია ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის და სასამართლოზე ის არ განხილულა“
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განცხადებაში დაასკვნის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, მმართველი პარტიის განზრახვას ‐ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით.
“სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ზიანისმომტანი შედეგები ნათელია: ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებითა და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირის გამოთხრით ქართული ოცნების მთავრობამ ასევე განდევნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ეს იმ ფარსის გაგრძელებაა, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს საინვესტიციო საზოგადოების, ევროკავშირისა და აშშ‐ის მთავრობების და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული, მისი ნამდვილი ზრახვების შესახებ. ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ქმედებებმა აჩვენა, რომ იგი აქტიურად აჩერებს ან ეწინააღმდეგება რაიმე პროგრესს დიდი ხნის ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართულებით.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში“,- ნათქვამია ანაკლიის განვითრების კონსორციუმის განცხადებაში.
„თიბისი ბანკის“ და პარტია „ლელოს“ თანადამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ისინი დამნაშავედ ცნეს არა ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა, არამედ თაღლითობაში.