Accentnews.ge
უენდი შერმანის თქმით, რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომაზე რუსეთისგან არაფერი ახალი არ მოუსმენია

უენდი შერმანის თქმით, რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომაზე რუსეთისგან არაფერი ახალი არ მოუსმენია

12/01/2022 17:50:52 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უენდი შერმანმა, რომელიც აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბრიუსელში 12 იანვარს გამართულ რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომაზე, განაცხადა, რომ რუსეთისგან არაფერი ახალი არ მოუსმენია.

როგორც ერმანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, გაუგებარია, რატომ გრძნობს ბირთვული იარაღის მქონე რუსეთი საფრთხეს თავისი ბევრად პატარა მეზობლის მხრიდან და რატომ ატარებს სამხედრო წვრთნას მისი საზღვრის მახლობლად:

„რასთან გვაქვს საქმე? ინტერვენციასთან? დაშინებასთან? ძირგამომთხრელ საქმიანობასთან? არ ვიცი, მაგრამ ეს ხელს არ უწყობს დიპლომატიურ დარეგულირებას“.

შერმანის თქმით, რუსეთს არ უკისრია დეესკალაციის თაობაზე ვალდებულება, მაგრამ არც ის უთქვამს, რომ ამას არ გააკეთებს.

ამასთან, მან დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„რუსეთმა პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს, მართლა უსაფრთხოებას ეხება საქმე, - ასეთ შემთხვევაში მათ [პროცესში] მონაწილეობა უნდა მიიღონ, - თუ ეს საბაბი იყო და მათ შეიძლება, ჯერ არც იცოდნენ“.

უენდი შერმანმა ტყუილი უწოდა უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციონირებას:

„მოსკოვი იყენებს სულ უფრო მეტად აგრესიულ რიტორიკას, პროპაგანდას და დეზინფორმაციას, როცა აცხადებს, რომ კონფლიქტი უკრაინას სურს და არა რუსეთს. ეს არ არის მართალი. უნდა გავიმეოროთ, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს; რუსეთი აგრძელებს ომის ხელშეწყობას აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელსაც თითქმის 14 ათასი უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა; და ახლა რუსეთის მოქმედებებია, რაც კვლავ კრიზისს იწვევს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის და ჩვენთვის“.

შერმანმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომაზე ნატოს 30 წევრი წარდგა ერთიანი პოზიციით.

„ჩვენ დღეს რუსეთს მაკფიოდ და პირდაპირ განვუცხადეთ, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას ექნება მნიშვნელოვანი ფასი და მძიმე შედეგები, ვიდრე ეს იყო 2014 წელს. ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ კოორდინირებული ეკონომიკური ზომები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემისთვის ძალიან მწვავე იქნება“, – განაცხადა შერმანმა.

შერმანის თქმით, დასავლელმა ქვეყნებმა აჩვენეს რუსეთს, რომ მზად არიან რუსეთთან ურთიერთობების გასაგრძელებლად სხვადასხვა ფორმატში და ამჯერად რუსეთის გადასაწყვეტია, რას აირჩევს – დეესკალაციას და დიპლომატიას, თუ კონფრონტაციას და შესაბამის შედეგებს. ის ფიქრობს, რომ დასავლეთის ერიანობა რუსეთმაც გააცნობიერა:

„ვფიქრობ, ერთი რამ, რაც რუსეთმა გააკეთა - რასაც შეიძლება ის არ ელოდა - [ისაა, რომ] მან მთელს ევროპას, ნატოს და ნატოს არა წევრ მოკავშირეებს უბიძგა გაეზიარებინა ერთი და იგივე პრინციპები, იგივე ამბიციები, იგივე იმედები და დიპლომატიისადმი იგივე ერთგულება.“

12 იანვარს ბრიუსელში გამართული შეხვედრა რუსეთ-ნატოს საბჭოს პირველი სხდომაა 2019 წლის შემდეგ. მოლაპარაკებებზე დაგეგმილი იყო რუსეთის მიერ „უსაფრთხოების გარანტიების“ თაობაზე ახლახან წამოყენებული მოთხოვნების განხილვა. მოსკოვი უპირველეს ყოვლისა მოითხოვს, რომ არ მოხდეს ნატოს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით, რათა ორგანიზაციამ არ მიიღოს საკუთარ რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, პირველ რიგში - უკრაინა და საქართველო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S