
"ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს მოუწოდეს, პატივი სცეს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას"
12/01/2022 14:30:14 პოლიტიკა
"ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს მოუწოდეს, პატივი სცეს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", – ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო –რუსეთის საბჭოს 4–საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი ფუნდამენტურ პრინციპებს:
„რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები საქართველოში, უკრაინაში, ყირიმში, ასევე მოლდოვაში. ეს ჯარები ადგილზე იმყოფებიან აღნიშნული ქვეყნების მთავრობების ნებართვის გარეშე. ისინი იქ არავის მიუწვევია და არავინ მიესალმება. ნატო-ს მოკავშირეებმა დღეს რუსეთს მოუწოდეს, უკან გაიყვანოს თავისი ჯარები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ფუნდამენტური პრინციპები, რომელსაც ყველა ქვეყანამ უნდა სცეს პატივი ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის".
მისი თქმით, მოკავშირეები მზად არიან, რუსეთთან დიალოგი აწარმოონ ყველა საკითხზე ფუნდამენტური პრინციპების გარდა, რომელთა შორის არის ალიანსის "ღია კარის" პოლიტიკა და ნატო-ს მოკავშირეების უფლება, დაიცვან ერთმანეთი.