Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომაზე მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ალიანსის "ღია კარის" პოლიტიკის მიმართ"

სტოლტენბერგი: "ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომაზე მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ალიანსის "ღია კარის" პოლიტიკის მიმართ"

12/01/2022 13:49:19 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო–რუსეთის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ამის შესახებ მან 4–საათიანი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"მოკავშირეებმა დაადასტურეს ერთგულება ნატო–ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ევროპული უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითად პრინციპთან დაკავშირებით, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკება მოსკოვთან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, ასევე ევროპაში რაკეტებთან დაკავშირებული შეიარაღების კონტროლის საკითხებზე.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს კრემლს ძვირად დაუჯდება.

ცნობისთვის: თითქმის 2–წლიანი პაუზის შემდეგ დღეს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ჩატარდა. განხილვის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო. შეხვედრას, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო დაესწრო, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უძღვებოდა.

მანამდე, უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აშშ–სა და რუსეთს შორისაც გაიმართა. თუმცა 10 იანვრის შეხვედრას დიდი გარღვევა არ მოუხდენია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი, რომელიც სხდომაზე ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ აშშ–მა უარყო რუსეთის მოთხოვნა ნატო–სგან იურიდიული გარანტიების მიცემის თაობაზე. თავის მხრივ, მისმა რუსმა კოლეგამ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ "დასავლეთის შიში უკრაინასთან ესკალაციის შესახებ უსაფუძვლოა".

მოლაპარაკებთა კიდევ ერთი რაუნდი 13 იანვარს ვენაშია დაგეგმილი, სადაც ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა ჩატარდება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა კონკრეტული იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავენ ნატო–ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ფლანგზე.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S