Accentnews.ge
შერმანი ნატო–რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ: "კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა"

შერმანი ნატო–რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ: "კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა"

12/01/2022 13:31:50 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი, რომელიც ნატო– რუსეთის საბჭოს სხდომაზე ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ "აშშ–მა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისო სისტემისა და ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი გზა".

ამის შესახებ მან დაახლოებით 4–საათიანი სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც ნატო–ში აშშ–ის მისიაში აღნიშნავენ, ნატო ორმაგი მიდგომის – დიალოგისა და ამავდროულად შეკავების პოლიტიკის ერთგული რჩება:

"რუს კოლეგებთან მოლაპარაკებებში მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ რჩებიან ორმაგი მიდგომის – დიალოგისა და შეკავების ერთგული. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს თავდაცვას ძლიერად, ვიქნებით ერთიანნი, რათა შევიკავოთ შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ამავდროულად, კვლავ მზად ვართ დიალოგისთვის".

თითქმის 2–წლიანი პაუზის შემდეგ დღეს ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ჩატარდა. განხილვის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო. შეხვედრას, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო დაესწრო, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უძღვებოდა.

მანამდე, უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აშშ–სა და რუსეთს შორისაც გაიმართა. თუმცა 10 იანვრის შეხვედრას დიდი გარღვევა არ მოუხდენია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი, რომელიც სხდომაზე ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ აშშ–მა უარყო რუსეთის მოთხოვნა ნატო–სგან იურიდიული გარანტიების მიცემის თაობაზე. თავის მხრივ, მისმა რუსმა კოლეგამ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ "დასავლეთის შიში უკრაინასთან ესკალაციის შესახებ უსაფუძვლოა".

მოლაპარაკებთა კიდევ ერთი რაუნდი 13 იანვარს ვენაშია დაგეგმილი, სადაც ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა ჩატარდება.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა კონკრეტული იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავენ ნატო–ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ფლანგზე.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S