"ევროპის წამლის სააგენტო" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მე–4 "ბუსტერ" დოზის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებს
12/01/2022 10:07:36 მსოფლიო
"ევროპის წამლის სააგენტო" (EMA) კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მე–4 "ბუსტერ" დოზის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ "ამჟამად არ არსებობს მტკიცებულებები ამ მიდგომის მხარდასაჭერად, რადგან მეტი მონაცემებია საჭირო კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის თაობაზე".
„მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი "ბუსტერ" დოზების გამოყენება შეიძლება, იყოს საგანგებო გეგმების ნაწილი, განმეორებითი ვაქცინაცია მოკლე ინტერვალებით არ წარმოადგენს მდგრად გრძელვადიან სტრატეგიას“, - განაცხადა EMA–ს ვაქცინების სტრატეგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარკო კავალერიმ.
მან იმ რისკებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, არსებულ სტრატეგიას მოჰყვება:
"პირველი – სტრატეგია, რომლის თანახმად, ყოველ ოთხ თვეში ერთხელ ვაძლევთ გამაძლიერებლებს ("ბუსტერ" დოზას), შექმნის ადამიანის იმუნური სისტემის გადატვირთვის რისკს. და მეორე, "ბუსტერ" დოზების უწყვეტი ადმინისტრირებით, რა თქმა უნდა, მოსახლეობის დაღლილობის რისკი იქნება".
ამასთან, კავალერიმ აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი მონაცემები, რა გავლენას ახდენს "ომიკრონი" ვაქცინებზე, ასევე აუცილებელია ამჟამინდელი ტალღის ევოლუციის უკეთ შესწავლა, რათა დადგინდეს არის თუ არა "ომიკრონის" საწინააღმდეგო სპეციფიკური ვაქცინის შექმნა საჭირო.
„მნიშვნელოვანია, გაიმართოს კარგი დისკუსია ვაქცინის შემადგენლობის არჩევის შესახებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს სტრატეგია, რომელიც არ არის მხოლოდ მომხდარზე რეაგირების და შევეცადოთ, თავიდან აიცილოთ ახალი ვარიანტი“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ამჟამად აწარმოებენ დიალოგს ვაქცინის შემქმნელებთან, ვაქცინების შესაძლო განახლების საკითხზე.
„ვაქცინაციის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია ვაქცინის შემადგენლობის განმეორებით გამაძლიერებელ დოზებზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს ეფექტური ან მდგრადი. საჭიროა და უნდა შემუშავდეს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებსაც აქვთ მაღალი გავლენა ინფექციის პრევენციაზე, მის გადაცემაზე, ასევე დაავადების მძიმე ფორმების მიმდინარეობასა და სიკვდილიანობის პრევენციაზე. სპეციალისტები უნდა შეეცადონ, შექმნან ვაქცინები რომლებიც გამოიწვევენ ფართო, ძლიერ და გრძელვადიან იმუნურ პასუხებს, რათა შემცირდეს თანმიმდევრული "ბუსტერ" დოზების საჭიროება. იქედან გამომდინარე, რომ ვირუსი ვითარდება, სანამ ახალი ვაქცინები არ იქნება ხელმისაწვდომი, შესაძლოა, საჭირო გახდეს "კოვიდ–19"-ის საწინააღმდეგო ამჟამინდელი ვაქცინების შემადგენლობების განახლება“, - ნათქვამია "კოვიდ–19"–ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობის შესახებ ჯანმო–ს ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის" განცხადებაში.
10 იანვარს „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ აღნიშნა, რომ კომპანია „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე უკვე მუშაობს, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ივნისისთვის იქნება.
ცნობისთვის: მას შემდეგ რაც მსოფლიოში "ომიკრონმა" აქტიურად დაიწყო ცირკულირება, ქვეყნები მოქალაქეებს ვაქცინაციისა და "ბუსტერ" დოზების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ისრაელმა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მე–4 "ბუსტერ" დოზით აცრა დაიწყო.


