Accentnews.ge
ნატო–სა და ეუთო–ში დაგეგმილი სხდომების წინ აშშ–მა უკრაინას მხარდაჭრა კიდევ ერთხელ დაუდასტურა

ნატო–სა და ეუთო–ში დაგეგმილი სხდომების წინ აშშ–მა უკრაინას მხარდაჭრა კიდევ ერთხელ დაუდასტურა

12/01/2022 08:25:29 მსოფლიო

ნატო–სა და ეუთო–ში დაგეგმილი სხდომების წინ აშშ–მა უკრაინას მხარდაჭრა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა და "კვლავ დაადასტურა დიპლომატიის მიმართ მხარდაჭერა, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე არ წარიმართება".

ამასთან ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრა ძვირი დაუჯდება.

"სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი კონფლიქტის გზას აირჩევს, აშშ, მისი პარტნიორები და მოკავშირეები მზად არიან, რუსეთს უზარმაზარი ეკონომიკური საფასური გადაახდევინონ, ასევე გააძლიერონ ნატო-ს მზადყოფნა მოკავშირე ქვეყნებში და გაზარდონ უკრაინის დახმარება თავდაცვით სფეროში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 10 იანვარს აშშ–სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი, რომელიც სხდომაზე ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ აშშ–მა უარყო რუსეთის მოთხოვნა ნატო–სგან იურიდიული გარანტიების მიცემის თაობაზე. თავის მხრივ, მისმა რუსმა კოლეგამ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აღნიშნა, რომ "დასავლეთის შიში უკრაინასთან ესკალაციის შესახებ უსაფუძვლოა".

დღეს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს – ეუთო–ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოითხოვა კონკრეტული იურიდიული გარანტიები, რომლებიც გამორიცხავენ ნატო–ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ფლანგზე.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S