
ესპანეთი „კოვიდ-19“-ის „ჩვეულებრივ გრიპად“ გამოცხადებას გეგმავს
11/01/2022 18:30:36 საზოგადოება
ესპანეთის მთავრობა მოუწოდებს ევროკავშირს, „კოვიდ-19“-ს „ჩვეულებრივი გრიპივით“ მიუდგეს,- იუწყება „ევროაქტივი“.
გამოცემა წერს, რომ სტრატეგია, რომელზეც ესპანეთის მთავრობა რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა და დისკუსიის გამართვა ევროკავშირშიც სურს, გულისხმობს უარის თქმას „კოვიდ-19“-ის გავრცელების დეტალურ აღრიცხვაზე.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამბობს, რომ ზემოთაღნიშნულ სტრატეგიაზე დისკუსიის დაწყება აუცილებელია, რადგან მეცნიერების დახმარებით უკვე არსებობს საშუალებები, რომლითაც მოსახლეობის შეძლებისდაგვარად დაცვა და ინფექციის გავრცელების შეჩერება შესაძლებელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ესპანეთის გეგმას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის „ენდემურ“ ვირუსად გამოცხადება ნაადრევია.
ჯანმოში განმარტავენ, რომ „კოვიდ-19“-ის გრიპის მსგავს დაავადებად გამოცხადებისთვის აუცილებელია, რომ მისი გავრცელების მაჩვენებლები იყოს პროგნოზირებადი და შედარებით სტაბილური, რაც ჯერ არ ხდება.