დაგეგმილი მოლაპარაკებების ფონზე რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო წვრთნები დაიწყო
11/01/2022 15:50:26 მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს – ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო.
წვრთნებში 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის „Т-72Б3“ ტიპის ტანკები და „BMP-2“ ტიპის საბრძოლო მანქანები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნებზე აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და ძირითადი სამხედრო პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული ქვედანაყოფი ჩაატარებს საბრძოლო მანევრებს და საბრძოლო სროლებს. საბრძოლო მანევრებისას ტანკების და საბრძოლო მანქანების ეკიპაჟების მიერ შემუშავებულ იქნება ერთობლივი მოქმედების უნარი და 1,2 ათასი მეტრის დიაპაზონში იმიტირებულ მტრის სამიზნეებს გაანადგურებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან გასული წლიდან სამხედროების მობილიზების ფონზე დასავლეთში გაჩნდა შეშფოთება მორიგი სამხედრო აგრესიის თაობაზე. დასავლეთი რუსეთს მოუწოდებს, რომ უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესია მას "ძვირი დაუჯდება". თავად რუსეთმა ნატო–ს ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვს იურიდიულ გარანტიებს აღმოსავლეთით არგაფართოების თაობაზე.
აშშ-რუსეთის წარმომადგნელებმა გამართეს დიალოგი ჟენევაში. დიალოგი ხვალ ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატის ფარგლებშიც იგეგმება.


