Accentnews.ge
თამარ გაბუნია: „ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ერთეულებს დასჭირდათ"

თამარ გაბუნია: „ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ერთეულებს დასჭირდათ"

11/01/2022 07:56:16 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელებას ახლავს რისკი, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება იყოს სწრაფი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, „ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა მხოლოდ ერთეულებს, ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის გარეშე, და ისინი კლინიკებიდან საკმაოდ მალე გაწერეს.

მისი ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი 50%-იანი დატვირთვით მუშაობს: მობილიზებულია 9000-მდე საწოლი, საიდანაც დატვირთულია 4431. რეანიმაციულ განყოფილებაშია 281 პაციენტი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - 1083.

როგორც გაბუნიამ თქვა, ამ პაციენტების უმრავლესობას კორონავირუსის „დელტა“ შტამი აქვს.

გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა ონლაინკლინიკების აუცილებლობაზე. მისი თქმით, დღემდე მოქმედ 62 ონლაინკლინიკას კვირის ბოლომდე დაემატება 40 ონლაინკლინიკა, რათა ინფიცირებულებს ოჯახის ექიმებისგან კონსულტაცია სათანადოდ გაეწიოთ.

„მთავარი რისკი არის, რომ შემთხვევების მატება შესაძლებელია იყოს სწრაფი, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრევენციას მეტი მნიშვნელობა აქვს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველთვის ხაზგასმით მოგვიწოდებს, რომ პირბადის გამოყენება განსაკუთრებით ამ პირობებში იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა შემთხვევების მატება სწრაფად არ მოხდეს.

რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის მობილიზებას. ჰოსპიტალური სექტორი მობიზებული რჩება. ჩვენ გავიარეთ კორონავირუსის რამდენიმე ტალღა, ამ პირობებში, როდესაც ვიცით, რომ „ომიკრონი“ ძირითადად შედარებით მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა, რომლის მართვაც შესაძლებელია ბინაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის მობილიზება. ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო, როდესაც ყველა ოჯახის ექიმი არის გადამზადებული კოვიდის მართვის საკითხებში. დღეს თუ მუშაობს 62 ონლაინკლინიკა, კვირის განმავლობაში კიდევ დაემატება 40 ონლაინკლინიკა, რათა ქსელი მაქსიმალურად იყოს გაშლილი და ყველა ადამიანს ჰქონდეს თავისი ოჯახის ექიმისგან კონსულტაციის მიღების საშუალება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების მატება გარკვეულწილად განაპირობა საახალწლო დღეებში მობილობის მატებამ და „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელებამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S