
"კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტებს საქართველო 2-3 კვირაში მიიღებს"
10/01/2022 16:00:13 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის სამკურნალო ორ მედიკამენტს – „პაქსლოვიდსა“ და „მოლნუპირავირს“ საქართველო 2-3 კვირაში მიიღებს.
მისი თქმით, აღნიშნული მედიკამენტები გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე მკურნალობის დროს და გადაეცემა ონლაინ კლინიკებსა და ოჯახის ექიმებს.
„ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი – „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“ ეფექტურია როგორც დელტა შტამის, ასევე „ომიკრონის“ წინააღმდეგ. 2-3 კვირაში მივიღებთ ამ მედიკამენტს. აღნიშნული ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე, რადგან გამოყენებული იქნება დიაგნოზის დასმიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში. ჩვენ გვექნება კომპლექსური მიდგომა – ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი ბინაზე და ერთი მთავარი, დამრტყმელი მედიკამენტი „რემდესივირი“ გამოიყენება კლინიკაში, განვიხილავთ ამ მედიკამენტის ბინაზე გამოყენების შესაძლებლობასაც. ეს მედიკამენტები მსოფლიოში არსად არ გამოდის თავისუფალ გაყიდვაში, ვინაიდან ძალიან დეფიციტურია და სამთავრობო დონეზე ხდება მათი განაწილების გადაწყვეტილება. საქართველო მიიღებს ამას ცენტრალიზებულად და თვითონ დაუნაწილებს სამინისტრო ყველა ონლაინ კლინიკასა და ყველა ოჯახის ექიმს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.