თოყაევი –მიშელს: "არასდროს გამოგვიყენებია ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ყაზახეთი გააგრძელებს ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებას"
10/01/2022 15:08:11 მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი, რომელმაც ქვეყანაში პროტესტის დროს „გაფრთხილების გარეშე" ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცა, აცხადებს, რომ ხელისუფლებას არასოდეს გამოუყენებია ძალა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართული ონლაინ–შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"დღეს ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. მე მას მივაწოდე ინფორმაცია ყაზახეთში არსებული ვითარების შესახებ. ჩვენ უპრეცედენტო აგრესიისა და თავდასხმის მომსწრენი გავხდით ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე და მივიღეთ სასწრაფო ზომები კონსტიტუციური წესრიგისა და კანონის უზენაესობის აღსადგენად. ჩვენ არასოდეს გამოგვიყენებია და არ გამოვიყენებთ ძალას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ყველა ასეთი ბრალდება მცდარია. ყაზახეთი გააგრძელებს ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებას", – განაცხადა თოყაევმა.
ყაზახეთში სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, "მიმდინარეობს ოპერაციები იმ ადგილებში, სადაც შესაძლოა, იმალებოდნენ მასობრივი არეულობის მონაწილეები"
მისი ცნობით, ამჟამად ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება:
"ეროვნულმა და რეგიონულმა კონტრტერორისტული ოპერაციების ცენტრებმა გაანადგურეს ტერორისტული საფრთხის კერები. ყველა ადმინისტრაციული შენობა ქალაქ ალმათიში, ყიზილორდაში, თალდიყორღანსა და ტარაზიში ტერორისტებისგან გაწმენდილია“.
უწყების ინფორმაციით, დაცულია მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტები და იარაღის შესანახი ადგილები.
- რაც შეეხება მსხვერპლს, რეალურად რამდენი ადამიანი დაიღუპა ყაზახეთში ამ დრომდე უცნობია. გუშინ ყაზახეთის ინფორმაციის სამინისტროს ტელეგრამ-არხით გავრცელდა ცნობა, რომ არეულობების შედეგად სულ დაღუპულია 164 ადამიანი. თუმცა მოგვიანებით, ამ ინფორმაციას ტექნიკური შეცდომა უწოდეს.
- შსს-ს ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებული აქვს ძალოვანი უწყებების 18 თანამშრომლის და 26 სამოქალაქო პირის დაღუპვის ფაქტი.
- უწყების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 7 939 ადამიანი.
ცნობისთვის: ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მოგვიანებით ფართო მასშტაბის არეულობაში გადაიზარდა. პრეზიდენტმა თოყაევმა ვითარების გასაკონტრლებლად დახმარება სთხოვა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას" (ОДКБ), რომლის წევრებმაც ყაზახეთში ჯარები გაგზავნეს.


