პუტინი: "ყაზახეთში მაიდანის მსგავსი ტექნოლოგიები გამოიყენეს"
10/01/2022 11:23:26 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, ყაზახეთში არეულობისას მაიდანის მსგავსი ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული, მათ შორის, პროტესტის ძალოვანი და საინფორმაციო მხარდაჭერის ელემენტები.
„გამოიყენეს კარგად ორგანიზებული და მკვეთრად მართული მებრძოლთა ჯგუფები, რაზეც ახლახან ისაუბრა პრეზიდენტმა ტოკაევმა. მათ შორის, იყვნენ საზღვარგარეთ ტერორისტულ ბანაკებში გაწვრთნილები“, - განაცხადა პუტინმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ რიგგარეშე სესიაზე.
მისივე თქმით, ქვეყანა შეეჩეხა სახელმწიფოებრიობის პირდაპირ საფრთხეს და აგრესიაზე დაუყოვნებლივი რეაგირება აუცილებელი იყო. მისივე მტკიცებით, ორგანიზაციამ შეძლო საჭირო ზომების მიღება მაქსიმალურად ოპერატიულად.
პუტინმა დაამატა, რომ ყაზახეთის მოვლენები „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ თითოეულ წევრს ეხება.
10 იანვარი ყაზახეთში გლოვის დღეა. მასობრივი არეულობის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ოფიციალური ინფორმაციით, გასული კვირაში 164 ადამიანი მოკვდა, თუმცა მოგვიანებით ამ ინფორმაციას ტექნიკური შეცდომა უწოდეს. ამ დრომდე ყაზახეთის შსს-ს ოფიციალურად დადასტურებული აქვს ძალოვანი უწყებების 18 თანამშრომლის და 26 სამოქალაქო პირის სიკვდილი. დაკავებულია 8000-მდე ადამიანი.
ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო ქვეყნის დასავლეთში და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომას მიაღწიეს, თუმცა პროტესტი გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და ქალაქის აეროპორტიც.
7 იანვარს პრეზიდენტმა ტოყაევმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია.


