ყაზახეთში პოლიციის მაღალჩინოსნები და პოლკოვნიკი გარდაცვლილები იპოვეს
10/01/2022 10:47:51 მსოფლიო
წინასწარი მონაცემით, ყაზახეთში ჟამბილის ოლქის პოლიციის უფროსმა ჟანატ სულეიმენოვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მის წინააღმდეგ ყაზახეთში მომხდარი მასობრივი არეულობის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ამის შესახებ ყაზახი ჟურნალისტი მიხაილ კოზაჩკოვი იტყობინება.
მისი ცნობით, პოლიციის მაღალჩინოსანს ტრიბუნალი ემუქრებოდა.
ჟანატ სულეიმენოვის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს.
მათი თქმით, ამჟამად სიკვდილის ოფიციალური მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი პოლკოვნიკ აზამატ იბრაევის გარდაცვალებას იუწყება.
მისი ცხედარი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში იპოვეს, თუმცა სიკვდილის მიზეზების შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა.
ასევე ცნობილია, რომ ალმათში სამუშაო ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს პოლიციის ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ტანატ ნაზანოვი. მიზეზად ინფარქტი სახელდება.
8 იანვარს ყაზახეთში სამართალდამცველებმა დააკავეს ქვეყნის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კარიმ მასიმოვი. ის სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.
ცნობისთვის: ყაზახეთის პრეზიდენტმა ყაზახეთის ძალოვანი სტრუქტურები დაადანაშაულა, რომ „გამოეპარათ“ საპროტესტო აქციების მზადების პროცესი, რომელსაც მან „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ უწოდა.


