Accentnews.ge
ყაზახეთის პრეზიდენტი: "ქვეყანაში მომხდარი არეულობა სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა იყო"

ყაზახეთის პრეზიდენტი: "ქვეყანაში მომხდარი არეულობა სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა იყო"

10/01/2022 10:17:56 მსოფლიო

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარი არეულობა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.

მისი თქმით, ხელისუფლებამ შეასრულა მომიტინგეების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოთხოვნები, ამის შემდეგ კი "შეიარაღებული ბოევიკების ჯგუფებმა" კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრა სცადეს.

"ალმათში ტერორისტებმა იარაღის მაღაზიები დაარბიეს, გაიტაცეს სნაიპერული შაშხანები და სხვადასხვა სახის იარაღები, ეს შეტევები კარგად ორგანიზებულმა დაჯგუფებამ მოაწყო. ტერორისტები სამხედროებისა და პოლიციელების ფორმაში გამოეწყვნენ და მასშტაბური პროვოკაციები მოაწყვეს. ბანდიტებმა პოლიციელები და სამხედროები სცემეს და არაადამიანურად მოექცნენ, ორ სამხედროს კი თავი მოაჭრეს. მათი მიზანი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა იყო. აგრესიამ ერთდროულად 11 რეგიონი მოიცვა, ვითარების განმუხტვაში დახმარებისა და ძმური თანადგომისთვის მადლობას ვუხდი მეგობარ ქვეყნებს და მათ ლიდერებს", -განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, არეულობაში უცხოელი ბოევიკებიც მონაწილეობდნენ.

"ახლა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია და უახლოეს მომავალში ყაზახეთი აპირებს, მსოფლიოს წარუდგინოს ქვეყნის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის მომზადების მტკიცებულებები", – დასძინა პრეზიდენტმა.

ყაზახეთში სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, "მიმდინარეობს ოპერაციები იმ ადგილებში, სადაც შესაძლოა, იმალებოდნენ მასობრივი არეულობის მონაწილეები"

მისი ცნობით, ამჟამად ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება:

"ეროვნულმა და რეგიონულმა კონტრტერორისტული ოპერაციების ცენტრებმა გაანადგურეს ტერორისტული საფრთხის კერები. ყველა ადმინისტრაციული შენობა ქალაქ ალმათიში, ყიზილორდაში, თალდიყორღანსა და ტარაზიში ტერორისტებისგან გაწმენდილია“.

უწყების ინფორმაციით, დაცულია მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტები და იარაღის შესანახი ადგილები.

  • რაც შეეხება მსხვერპლს, რეალურად რამდენი ადამიანი დაიღუპა ყაზახეთში ამ დრომდე უცნობია. გუშინ ყაზახეთის ინფორმაციის სამინისტროს ტელეგრამ-არხით გავრცელდა ცნობა, რომ არეულობების შედეგად სულ დაღუპულია 164 ადამიანი. თუმცა მოგვიანებით, ამ ინფორმაციას ტექნიკური შეცდომა უწოდეს.
  • შსს-ს ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებული აქვს ძალოვანი უწყებების 18 თანამშრომლის და 26 სამოქალაქო პირის დაღუპვის ფაქტი.
  • უწყების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 7 939 ადამიანი.

ცნობისთვის: ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მოგვიანებით ფართო მასშტაბის არეულობაში გადაიზარდა. პრეზიდენტმა თოყაევმა ვითარების გასაკონტრლებლად დახმარება სთხოვა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას" (ОДКБ), რომლის წევრებმაც ყაზახეთში ჯარები გაგზავნეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S