ყაზახეთში დღეს გლოვის დღეა
10/01/2022 08:30:27 მსოფლიო
ყაზახეთში დღეს გლოვის დღეა.
"ტრაგიკული მოვლენების შედეგად გამოწვეულ მსხვერპლთან დაკავშირებით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გადაწყვიტა, რომ 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადოს", – აცხადებენ რეზიდენტის ადმინისტრაციაში.
რეალურად რამდენი ადამიანი დაიღუპა ყაზახეთში ამ დრომდე უცნობია. გუშინ ყაზახეთის ინფორმაციის სამინისტროს ტელეგრამ-არხით გავრცელდა ცნობა, რომ არეულობების შედეგად სულ დაღუპულია 164 ადამიანი. თუმცა მოგვიანებით, ამ ინფორმაციას ტექნიკური შეცდომა უწოდეს.
შსს-ს ამ დრომდე ოფიციალურად დადასტურებული აქვს ძალოვანი უწყებების 18 თანამშრომლის და 26 სამოქალაქო პირის დაღუპვის ფაქტი.
უწყების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 7 939 ადამიანი.
ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება.
"ეროვნულმა და რეგიონულმა კონტრტერორისტული ოპერაციების ცენტრებმა გაანადგურეს ტერორისტული საფრთხის კერები. ყველა ადმინისტრაციული შენობა ქალაქ ალმათიში, ყიზილორდაში, თალდიყორღანსა და ტარაზიში ტერორისტებისგან გაწმენდილია“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.
მისი ცნობით, დაცულია მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტები და იარაღის შესანახი ადგილები.
"მიმდინარეობს ოპერაციები იმ ადგილებში, სადაც შესაძლოა, იმალებოდნენ მასობრივი არეულობის მონაწილეები", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მოგვიანებით ფართო მასშტაბის არეულობაში გადაიზარდა. პრეზიდენტმა თოყაევმა ვითარების გასაკონტრლებლად დახმარება სთხოვა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის წევრებმაც ყაზახეთში ჯარები გაგზავნეს.


