Accentnews.ge
რუსეთი ყაზახეთში დამატებითი ძალების შეყვანას აგრძელებს (ვიდეო)

რუსეთი ყაზახეთში დამატებითი ძალების შეყვანას აგრძელებს (ვიდეო)

09/01/2022 15:00:59 მსოფლიო

რუსეთი ყაზახეთში დამატებითი ძალების შეყვანას აგრძელებს. შესაბამის ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ივანოვის საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფებისა და საჰაერო-სადესანტო ძალების 45-ე ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბრიგადის ქვედანაყოფების გადაყვანა გრძელდება. ჯარისკაცები სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად მოსკოვისა და ივანოვის მხარეებიდან ალმათის და ჟეტიგენის აეროდრომებისკენ გაფრინდნენ. 70 Ил-76 ტიპის და 5 Ан-124 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ "კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის" (ОДКБ) რუსული კონტიგენტის გადაყვანას ყაზახეთში.

ქვეყანაში უკვე ჩასული რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ქვედანაყოფებმა, დაიწყეს დაკისრებული ამოცანების შესრულება, რომელიც მოიცავს სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, აეროდრომებისა და ძირითადი სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვას. ОДКБ–ს სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანები იქნება სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ყაზახეთის რესპუბლიკის კანონიერი ძალების დახმარება ქვეყანაში ვითარების დასტაბილურებასა და სამართლებრივ ველზე დაბრუნებაში", – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

მანამდე, ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქვეყნის ყველა რეგიონში ვითარება უკვე სტაბილურია.

"ძალოვანი სტრუქტურები აგრძელებენ დასახლებული პუნქტების „გასუფთავებას“. მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები ტერორისტების აღმოსაჩენად და დასაკავებლად, მტკიცებულებათა ბაზის შესაგროვებლად. დაკავებულთა შორის უცხოელთა მნიშვნელოვანი რაოდენობაა", – განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შსს–ს ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 5 969 პირი, მათგან 134 ადამიანი "განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი".

  • შსს–ს ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულია 16 სამართალდამცველი.
  • რაც შეეხება დემონსტრანტებს, გარდაცვლილი მომიტინგეების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

შინაგან საქმეთა მინისტრ ერლან ტურგუმბაევის განცხადებით, 400-ზე მეტი მანქანა დაზიანდა და განადგურდა, მათგან 346 პოლიციის მანქანაა. ტურგუმბაევმა აღნიშნა, რომ გაძარცვულია 100-ზე მეტი დიდი სავაჭრო ობიექტი და ბანკი. წინასწარი მონაცემებით, ზარალი დაახლოებით 212 მილიონი დოლარია.

პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა ქვეყანაში მომხდარ არეულობაში "უცხოეთში გაწვრთნილი ტერორისტები" დაადანაშაულა. თუმცა ვის გულისხმობდა, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის: ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მოგვიანებით ფართო მასშტაბის არეულობაში გადაიზარდა. პრეზიდენტმა თოყაევმა ვითარების გასაკონტრლებლად დახმარება სთხოვა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის წევრებმაც ყაზახეთში ჯარები გაგზავნეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S