
საგანგებო სიტუაციების სამსახური ახალგაზრდა კაცის მიერ ძმის მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
08/01/2022 14:02:20 საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გორში ახალგაზრდა კაცის მიერ ძმის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილზე სასწრაფოს ეკიპაჟის დაგვიანებით მისვლის თაობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება:
„გვსურს, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ, გორში, სოფელ ქვემო ახალსოფელში მომხდარი სამწუხარო შემთხვევის შესახებ და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სასწრაფოს ეკიპაჟის შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
მიმდინარე წლის პირველ იანვარს, 21:18 სთ -ზე შემოვიდა გამოძახება. გორის რაიონი, სოფელი ქვემო ახალსოფელი. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე იმყოფებოდა 21: 40 სთ-ზე. ხოლო 22:00 სთ-ზე პაციენტი კლინიკა "გორმედში" იქნა შეყვანილი”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პირველ იანვარს, სოფელ ახალსოფელში ძმებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 32 წლის გიორგი კუთარაშვილი დაიღუპა.
1990 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკა „გორმედში“ კრიტიკული მდგომარეობით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებით შეიყვანეს.
ოჯახის ახლობლები ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე დაახლოებით 45 წუთის დაგვიანებით მივიდა.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.