სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ქარიმ მასიმოვი
08/01/2022 13:58:46 მსოფლიო
ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ქარიმ მასიმოვი, რომელიც პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მოხსნა მას მერე, რაც ხელისუფლებამ ალმათიში საპროტესტო გამოსვლებზე კონტროლი დაკარგა, სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების კომიტეტი იტყობინება. მასიმოვი ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ დააკავეს.
56 წლის მასიმოვი ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მმართველობის უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე ის სხვადასხვა დროს ორჯერ იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, ეკონომიკის მინისტრი და ტრანსპორტის მინისტრი.
ცნობაში, რომელიც 8 იანვარს გამოაქვეყნა ეროვნული უშიშროების კომიტეტმა, ნათქვამია, რომ სახელმწიფო ღალატის თაობაზე მასიმოვის წინააღმდეგ სასამართლო გამოძიება 6 იანვარს დაიწყო. სპეცსამსახურის თანახმად, ის მაშინვე დააკავეს. ის იმავე დღეს მონაწილეობდა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს თათბირში. წინა დღით საღამოს კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტოყაევმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მასიმოვის მოადგილე სამათ აბიში, რომელიც ნურსულთან ნაზარბაევის ახლო ნათესავია.
მასიმოვის გათავისუფლებასთან ერთად, ტოყაევმა განაცხადა, რომ სათავეში ჩაუდგა უშიშროების საბჭოს, თუმცა, კანონით, ამ ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობა სიკვდილამდე შეიძლება ეკავოს ყოფილ პრეზიდენტ ნაზარბაევს. მასიმოვისთვის წაყენებული ბრალდებებით, მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაში სდებენ ბრალს ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს, უცნობია. მაგრამ ტოყაევი ადრევე გააკრიტიკა სპეცსამსახურები და მათ ბრალი დასდო, რომ მათ დაუშვეს „ტერორისტების თავდასხმა“ ყაზახეთის ქალაქებზე.
ყაზახეთში 2 იანვარს დაწყებული საპროტესტო გამოსვლები ფართო მასშტაბის არეულობაში გადაიზარდა. პრეზიდენტმა ტოყაევმა ვითარების გასაკონტრლებლად დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომლის წევრებმაც ყაზახეთში ჯარები გაგზავნეს. დღეის მონაცემებით ქვეყანაში დაკავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი, ათობით დაიღუპა.


