ყაზახეთის შსს: "დაკავებულთა შორის მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებიც არიან"
08/01/2022 07:22:30 მსოფლიო
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებებში იმყოფება 4266 დაკავებული. მათ შორის არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც.
„ალმათის ოლქის ერთ-ერთ სოფელში დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ალმათიში, კალკამანის მიკრორაიონში, პოლიციელებმა ამოიღეს ტყვიები, საბრძოლო იარაღი და გატაცებული ნივთები: ველოსიპედები, ტელევიზორები, მობილური ტელეფონები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ ჟამბილსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში აღმოჩენილია იარაღის სამალავი, რამდენიმე ავტომატი და პისტოლეტები.
7 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ალმათის „20 ათასი ბოევიკი დაესხა თავს“.
2 იანვარს ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება.
4 იანვარს, გვიან ღამით, გადადგა ყაზახეთის მთავრობა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით ქალაქის აეროპორტიც.
5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 6 იანვარს, გამთენიისას კი ალმათიში დაიწყო "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია".
მას მერე, რაც პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა 6 იანვარს დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ქვეყანაში გაიგზავნა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შენაერთები.


