Accentnews.ge
სტოლტენბერგი ნატო–ს საგანგებო მინისტერიალის შემდეგ: "კონფლიქტის რისკი რეალურია"

სტოლტენბერგი ნატო–ს საგანგებო მინისტერიალის შემდეგ: "კონფლიქტის რისკი რეალურია"

07/01/2022 17:00:51 მსოფლიო

"კონფლიქტის რისკი რეალურია", – ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც განხილვის მთავარი საგანი უკრაინის საკითხი იყო.

სტოლტენბერგის თქმით, "რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროპაში უსაფრთხოების წესრიგს სერიოზულად უთხრის ძირს".

"ჩვენ ახლახან დავასრულეთ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა. მოკავშირეებმა განიხილეს რუსეთის სამხედრო ძალების გაუმართლებელი თავმოყრა უკრაინაში და მის გარშემო და რუსეთის ქმედებების შედეგები ევროპის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ვწუხვართ, რომ მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებისა, რუსეთს არ გადაუდგამს ნაბიჯები დეესკალაციისთვის. რუსული არმიის გაძლიერება გრძელდება, მათ შორის – ათიათასობით საბრძოლო ჯარითა და აღჭურვილობით. ასევე გრძელდება მუქარის რიტორიკა. კონფლიქტის რისკი რეალურია. რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროპაში უსაფრთხოების წესრიგს სერიოზულად უთხრის ძირს", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ალიანსი მოსკოვის მიმართ ორმხრივ მიდგომას ინარჩუნებს, რაც ერთის მხრივ შეკავებასა და თავდაცვას, მეორეს მხრივ კი რუსეთთან დიალოგს ითვალისწინებს.

როგორც მან აღნიშნა, ნატო მზადაა, მოუსმინოს რუსეთის შეშფოთებას, თუმცა მოსკოვმაც უნდა გასცეს პასუხი მოკავშირეების შეშფოთებას საკუთარ ქმედებებთან დაკავშირებით:

"დადებითი ნაბიჯია, რომ რუსეთი ახლა მზად არის სასაუბროდ. როდესაც დაძაბულობა მაღალია, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. 12 იანვარს მოკავშირეები რუსეთს ნატო-რუსეთის საბჭოში შეხვდებიან. შეხვედრაზე საუბარი იქნება უკრაინასა და მის გარშემო არსებულ ვითარებაზე, ასევე რუსეთის ქმედებების შედეგებზე ევროპის უსაფრთხოებაზე. ამასთან, მივესალმები, რომ 10 იანვარს ჟენევაში შეერთებული შტატები და რუსეთი მოლაპარაკებებს გამართავენ. გარდა ამისა, 13 იანვარს ეუთო შეიკრიბება. მომავალ კვირაში ჩართულობის სერია არის შესაძლებლობა რუსეთისთვის, აჩვენოს, რომ იგი სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისა და დიპლომატიის მიმართ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას. ნატო ყველა ღონეს გამოიყენებს, რათა მოძებნოს წინსვლის პოლიტიკური გზა. თუმცა იმისათვის, რომ დიალოგი იყოს შედეგზე ორიენტირებული, მოსკოვმაც უნდა გასცეს პასუხი მოკავშირეების დიდი ხნის შეშფოთებას მის ქმედებებთან დაკავშირებით. კრემლის ქმედებები უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს. დიალოგი უნდა მოხდეს უკრაინასთან კონსულტაციებით.

ამასთან, ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ სხვა ძირითად პარტნიორებთან, როგორებიცაა: საქართველო, მოლდოვა, ფინეთი და შვედეთი, ასევე ევროკავშირი.

ნატო რუსეთთან დიალოგს კეთილსინდისიერად წარმართავს. თუმცა ასევე მზად უნდა ვიყოთ იმისთვისაც, რომ დიპლომატია ჩავარდეს".

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, კრემლს ეს ნაბიჯი ძვირად დაუჯდება:

"დღეს მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება და რუსეთისთვის მძიმე ფასი ექნება. მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვუწევთ მას პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ორშაბათს მე ვუხელმძღვანელებ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას. ჩვენ შემოგვიერთდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. ყველა ქვეყანას აქვს ფუნდამენტური უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი და ალიანსი. ეს იყო ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპი ათწლეულების მანძილზე და რუსეთი ვალდებულია დაიცვას იგი. მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ნატო ყოველთვის გადადგამს საჭირო ნაბიჯებს მისი წევრების დასაცავად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებით. დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა ნატო–ს ერთიანობა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S