Accentnews.ge
რუსეთმა  ყაზახეთში დამატებითი ძალები შეიყვანა

რუსეთმა ყაზახეთში დამატებითი ძალები შეიყვანა

07/01/2022 15:07:16 მსოფლიო

რუსეთმა ყაზახეთში დამატებითი ძალები შეიყვანა. კერძოდ, დღეს რუსეთიდან ყაზახეთში ჯარისკაცები სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად 12 სამხედრო თვითმფრინავით გაგზავნეს.

სამხედრო თვითმფრინავები Ил-76 და Ан-124 მოსკოვის ახლოს მდებარე ჩკალოვსკის აეროდრომიდან ალმათის და ჟეტიგენის აეროდრომებისკენ გაფრინდნენ.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის" სამშვიდობოები სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს არ მიიღებენ.

უწყების განცხადებით ორგანიზაციის ამოცანაში მხოლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა შედის და ისინი ყაზახეთის ძალოვანი სტრუქტურების ოპერატიულ-საბრძოლო საქმიანობაში არ ჩაერთვებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყაზახეთში გაგზავნილი სამხედროების ზუსტ რიცხვს არ ასახელებს. "კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის" გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა 6 იანვარს სააგენტო „რია-ნოვოსტისთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალების სამხედროთა საერთო რაოდენობა 2500-ია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთი ყაზახეთში გზავნის 150 სამხედროს, ხოლო ტაჯიკეთი – 200-ს. 6 იანვარს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყაზახეთში გაგზავნა საჰაერო-სადესანტო ძალების ასეული. მანამდე სომხური მედია იუწყებოდა, რომ ერევანი ყაზახეთში მიავლენს 70 სამხედროს. შესაბამისად, ყაზახეთში „კოლექტიური სამშვიდობო ძალების“ შემადგენლობა თითქმის მთლიანად დაკომპლექტებულია სწორედ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროებით.

ყაზახეთში "კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის" სამხედოებს რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რუსეთის "სამშვიდობო ძალების" შემადგენლობაში არიან საჰაერო-სადესანტო ძალების სპეცრაზმის 45-ე ბრიგადა, 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია და 31-ე ბრიგადა.

BBC ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჰაერო-სადესანტო ძალების 45-ე ბრიგადა, რომელიც რუსული არმიის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ დანაყოფად მიიჩნევა, მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომებში, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში, ყირიმის ანექსიის ოპერაციაში და საბრძოლო მოქმედებებში სირიის ტერიტორიაზე.

ცნობისთვის: ყაზახეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა უსაფრთხოების ძალებს უფლება მისცა, დემონსტრანტებს ცეცხლი „გაფრთხილების გარეშე" გაუხსნან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში მიდინარე სპეცოპერაციის დროს ამ დროისთვის 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 26 დემონსტრანტის ლიკვიდაცია მოხდა, 18 კი დაშავდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაღუპულია 13 სამართალდამცველი, რაც შეეხება დემონსტრანტებს, გარდაცვლილი მომიტინგეების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, დახმარების თხოვნით 5 იანვარს მიმართა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმა.

ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 4 იანვარს პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S