Accentnews.ge
თბილისში ყაზახი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

თბილისში ყაზახი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

07/01/2022 14:30:08 საზოგადოება

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ყაზახი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია ესწრებოდნენ საქართველოში მყოფი ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ყაზახეთის დროშები, ასევე პლაკატები წარწერებით: "პუტინო, ხელები შორს ყაზახეთისგან", "ყაზახებო, ჩვენ თქვენთან ვართ", "ყაზახეთში რუსული არმიის ადგილი არ არის".

აქციაზე მყოფები აცხადებდნენ, რომ ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის "სამშვიდობო ძალების" შეყვანა პოლიტიკური შეცდომაა, შექმნილი მდგომარეობა კი "ნაზარბაევის 30-წლიანი კორუმპირებული მმართველობის შედეგია".

ცნობისთვის: ყაზახეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა უსაფრთხოების ძალებს უფლება მისცა, დემონსტრანტებს ცეცხლი „გაფრთხილების გარეშე" გაუხსნან.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში მიდინარე სპეცოპერაციის დროს ამ დროისთვის 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 26 დემონსტრანტის ლიკვიდაცია მოხდა, 18 კი დაშავდა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაღუპულია 13 სამართალდამცველი, რაც შეეხება დემონსტრანტებს, გარდაცვლილი მომიტინგეების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი სამხედრო ალიანსის ჯარისკაცები ყაზახეთისკენ მიემართებიან, რათა პროტესტი ჩაახშონ. ყაზახეთში უკვე ჩავიდნენ რუსი და ბელარუსი სამხედროები.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, დახმარების თხოვნით 5 იანვარს მიმართა.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმა.

ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 4 იანვარს პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S