მედია– ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა
07/01/2022 12:50:27 მსოფლიო
ყაზახეთის ექს–პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა.
გავრცელებული ცნობით, ყაზახეთი ასევე დატოვეს ნურსულთან ნაზარბაევის ქალიშვილებმა ოჯახებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ექს–პრეზიდენტი საჯაროდ ბოლოს 27 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში გამოჩნდა, სადაც ის „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ (დსთ) არაფორმალურ სამიტში იღებდა მონაწილეობას.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა უსაფრთხოების ძალებს უფლება მისცა, დემონსტრანტებს ცეცხლი „გაფრთხილების გარეშე" გაუხსნან.
მან ქვეყანაში მომხდარ არეულობაში "უცხოეთში გაწვრთნილი ტერორისტები" დაადანაშაულა. თუმცა ვის გულისხმობდა, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში მიდინარე სპეცოპერაციის დროს ამ დროისთვის 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 26 დემონსტრანტის ლიკვიდაცია მოხდა, 18 კი დაშავდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაღუპულია 13 სამართალდამცველი, რაც შეეხება დემონსტრანტებს, გარდაცვლილი მომიტინგეების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ცნობისთვის: ყაზახეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი სამხედრო ალიანსის ჯარისკაცები ყაზახეთისკენ მიემართებიან, რათა პროტესტი ჩაახშონ. ყაზახეთში უკვე ჩავიდნენ რუსი და ბელარუსი სამხედროები.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, დახმარების თხოვნით 5 იანვარს მიმართა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმა.
ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 4 იანვარს პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა.


