ყაზახეთში ОДКБ-ს სამხედოებს რუსი გენერალი უხელმძღვანელებს
07/01/2022 10:22:33 მსოფლიო
ყაზახეთში "კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის" (ОДКБ) სამხედოებს რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.
მისი ინფორმაციით, რუსეთის "სამშვიდობო ძალების" შემადგენლობაში არიან საჰაერო-სადესანტო ძალების სპეცრაზმის 45-ე ბრიგადა, 98-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია და 31-ე ბრიგადა.
BBC ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჰაერო-სადესანტო ძალების 45-ე ბრიგადა, რომელიც რუსული არმიის ერთ-ერთ ყველაზე ელიტურ დანაყოფად მიიჩნევა, მონაწილეობდა ჩეჩნეთის ომებში, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში, ყირიმის ანექსიის ოპერაციაში და საბრძოლო მოქმედებებში სირიის ტერიტორიაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყაზახეთში გაგზავნილი სამხედროების ზუსტ რიცხვს არ ასახელებს. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა 6 იანვარს სააგენტო „რია-ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებით, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალების სამხედროთა საერთო რაოდენობა 2500-ია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთი ყაზახეთში გზავნის 150 სამხედროს, ხოლო ტაჯიკეთი – 200-ს. 6 იანვარს, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყაზახეთში გაგზავნა საჰაერო-სადესანტო ძალების ასეული. მანამდე სომხური მედია იუწყებოდა, რომ ერევანი ყაზახეთში მიავლენს 70 სამხედროს. შესაბამისად, ყაზახეთში „კოლექტიური სამშვიდობო ძალების“ შემადგენლობა თითქმის მთლიანად დაკომპლექტებულია სწორედ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების სამხედროებით.
ცოტა ხნის წინ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა უსაფრთხოების ძალებს უფლება მისცა, დემონსტრანტებს ცეცხლი „გაფრთხილების გარეშე" გაუხსნან.
მან ქვეყანაში მომხდარ არეულობაში "უცხოეთში გაწვრთნილი ტერორისტები" დაადანაშაულა. თუმცა ვის გულისხმობდა, პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში მიდინარე სპეცოპერაციის დროს ამ დროისთვის 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 26 დემონსტრანტის ლიკვიდაცია მოხდა, 18 კი დაშავდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად დაღუპულია 13 სამართალდამცველი, რაც შეეხება დემონსტრანტებს, გარდაცვლილი მომიტინგეების ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ცნობისთვის: ყაზახეთში კვლავ დაძაბული ვითარებაა. რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი სამხედრო ალიანსის ჯარისკაცები ყაზახეთისკენ მიემართებიან, რათა პროტესტი ჩაახშონ. ყაზახეთში უკვე ჩავიდნენ რუსი და ბელარუსი სამხედროები.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას", რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, დახმარების თხოვნით 5 იანვარს მიმართა.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმა.
ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო. 4 იანვარს პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა.


