Accentnews.ge
"მიუხედავად იმისა, რომ "ომიკრონი" "დელტასთან" შედარებით, ნაკლებად მწვავეა, მას არ შეიძლება, „მსუბუქი“ ეწოდოს, რადგან ხალხს კლავს"

"მიუხედავად იმისა, რომ "ომიკრონი" "დელტასთან" შედარებით, ნაკლებად მწვავეა, მას არ შეიძლება, „მსუბუქი“ ეწოდოს, რადგან ხალხს კლავს"

07/01/2022 08:03:48 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ „ომიკრონი" ხალხს კლავს და მას არ შეიძლება, „მსუბუქი“ ეწოდოს.

"სხვა შტამების მსგავსად, "ომიკრონით" ინფიცირებულებს ჰოსპიტალიზებაც სჭირდებათ და ხალხსაც კლავს. შემთხვევების ცუნამი იმდენად დიდი და სწრაფია, რომ მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვას იწვევს", –განაცხადა გებრეისუსმა.

მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში პანდემიის დაწყების დღიდან ვირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მხოლოდ 1 კვირის მანძილზე 9.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით, 71%-ით მეტია.

როგორც მან აღნიშნა, ინფიცირების შემთხვევები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 100%-ით გაიზარდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 78%-ით, ხოლო ევროპაში 65%-ით.

მან მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ, ასევე ვაქცინირებისა და "ბუსტერ" დოზით აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ცნობისთვის: 4 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ იზრდება იმ მტკიცებულებათა რაოდენობა, რომელთა თანახმად, "ომიკრონს" უფრო მსუბუქი სიმპტომები ახასიათებს, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამებს. თუმცა ჯანმო–ში აცხადებენ, რომ აღნიშნულის საბოლოო დადასტურებამდე მეტი კვლევაა საჭირო.

"უფრო მეტი და მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ "ომიკრონი" უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს, ვიდრე კორონავირუსის წინა ვარიანტები. ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო მეტ კვლევას, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ "ომიკრონი" აინფიცირებს სხეულის ზედა ნაწილს, განსხვავებით სხვა შტამებისგან, რომლებიც მძიმე პნევმონიას იწვევენ. ეს შეიძლება, იყოს კარგი ამბავი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მეტი კვლევა ამის დასამტკიცებლად", – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აბდი მაჰამუდმა.

ჯანმო–ს ცნობით, "ომიკრონი", რომელიც სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება, მსოფლიოში 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა. ამჟამად ის 128–მდე ქვეყანაში ცირკულირებს.

  • საქართველოში ბოლო 24 საათში „ომიკრონით“ ინფიცირების 265 შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 600 შემთხვევაა დადასტურებული.

საქართველოში "ომიკრონის" შტამი პირველად 20 დეკემბერს დაფიქსირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S