
„უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა“
06/01/2022 20:10:22 საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიპატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში საზოგადოებას მოუწოდებს, საკუტარი ქცევები გადააფასონ:
„საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს. უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება იქნება შესაძლებელი. თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ ეს მიზნად.
გაუფრთხილდით დროს! დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ; დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა (ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ). არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება, დაიწუნონ. სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიული ცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი. ამიტომაც, ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე, იგია მხოლოდ უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი“.