
"ყაზახეთში მყოფი საქართველოს ხუთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, აეროპორტში ჩარჩენილი კიდევ სამი მოქალაქე კი სასტუმროში გადაჰყავთ"
06/01/2022 10:24:29 საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საქართველოს საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან და მათ ნაწილს დახმარება უკვე გაეწია.
„ყაზახეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის უკვე მიმართა ქართული ანსამბლის, „ილორის“ ოთხმა წევრმა. საკონსულოს ძალისხმევით, ისინი ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიდან 30 კილომეტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ანსამბლის ხელმძღვანელის, ბაჩანა მელაშვილის თქმით, ანსამბლის წევრები უზრუნველყოფილნი არიან საკვებითა და საჭირო მედიკამენტებით",– აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, საკონსულოს დახმარებისთვის მიმართა ყაზახეთში მცხოვრებმა საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამჟამად დასავლეთ ყაზახეთის ქ. ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სასტუმროში გადაჰყავთ ასევე აქტაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე. მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან, საქართველოს მოქალაქეების უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნების მიზნით.
სამინისტროს ცნობით, მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება ცხელი ხაზისა და ელფოსტის საშუალებით შეუძლიათ:
„ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.
ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge“.