Accentnews.ge
როდემდე დარჩებიან უცხო ქვეყნების სამხედროები ყაზახეთში

როდემდე დარჩებიან უცხო ქვეყნების სამხედროები ყაზახეთში

06/01/2022 10:18:31 მსოფლიო

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამდივნო ირწმუნება, რომ „სამშვიდობო ძალები“ ყაზახეთში შეზღუდული დროით გაიგზავნა „სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით“.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გაგზავნილი „სამშვიდობო ძალების“ შემადგენლობაში არიან სომხეთის, ბელარუსის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები:

„სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანები იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციისა და მის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებისთვის “.

იხილეთ ასევე – დამწვარი შენობები, ათობით მსხვერპლი – რა ხდება ყაზახეთში

ცნობისთვის: ყაზახეთი რუსეთის საკვანძო მნიშვნელობის ეკონომიკური პარტნიორია. მისი ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა.

ყაზახეთში მეოთხე დღეა, მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც თან ახლავს დემონსტრანტთა შეტაკებები პოლიციასთან, სპეცდანიშნულების რაზმებთან და სამხედროებთან.

საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ენერგომატარებლების ფასების ზრდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო.

პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა. დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში. ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგმარეობაა გამოცხადებული.

ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, დახმარების თხოვნით გუშინ მიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S