
საზოგადოებრივი აღშფოთების ფონზე სემეკი აცხადებს, რომ დენის, გაზის და წყლის ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება
06/01/2022 08:53:23 საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთან ამ წუთებში ხმაურია. მოქალაქეები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა დაცვა განმარტავს, რომ ნარმანია ადგლზე არ იმყოფება, რადგან 10 იანვრამდე დასვენების დღეებია გამოცხადებული და სამუშაო კაბინეტს 10 იანვრის შემდეგ დაუბრუნდება.
თავად კომისიამ კი დღეს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა და მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები არასწორად დარიცხული გადასახადების შესახებ იუწყებიან, ამბობს, რომ ტარიფები არ გაზრდილა.
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები.
2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება. პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმაციას.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პირების მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ კომისიაში. სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დაეყრდნონ მხოლოდ სემეკის ინფორმაციას, რადგანაც წლების განმავლობაში არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ოპოზიციური პოლიტიკური ინტერესების მქონე პირების მიერ ხშირად აქვს ადგილი მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას“, – აცხადებენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.