
რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების შეყვანა დაიწყო
06/01/2022 07:19:22 მსოფლიო
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ყაზახეთში სამშვიდობოები გაგზავნა,- იუწყება „რია ნოვოსტი“ ორგანიზაციის სამდივნოზე დაყრდნობით.
კერძოდ, რუსეთიდან ყაზახეთში საჰაერო-სადესანტო ძალების ქვედანაყოფები გაიგზავნება.
როგორც განიმარტა, „სამშვიდობოების ძირითადი ამოცანები იქნება სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ასევე კანონისა და წესრიგის ძალებისთვის დახმარების გაწევა“.
ორგანიზაციის სამდივნოში განაცხადეს, რომ „სამშვიდობოების მოწინავე შენაერთებმა უკვე დაიწყეს დავალებების შესრულება ყაზახეთში“.
ცნობისთვის: ყაზახეთი რუსეთის საკვანძო მნიშვნელობის ეკონომიკური პარტნიორია. მისი ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა.
ყაზახეთში მეოთხე დღეა, მიმდინარეობს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც თან ახლავს დემონსტრანტთა შეტაკებები პოლიციასთან, სპეცდანიშნულების რაზმებთან და სამხედროებთან.
საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ენერგომატარებლების ფასების ზრდა. მოსახლეობა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამს კორუფციის, უმუშევრობისა და დაბალი ხელფასების გამო.
პროტესტის ფონზე გადადგა ყაზახეთის მთავრობა. დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმათის მერიაში. ხანძარი გაჩნდა ქვეყნის რამდენიმე სამთავრობო შენობაში. ქვეყანაში მაუწყებლობა შეწყვიტა რამდენიმე ტელეარხმა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ ნურ-სულთანსა და ალმათიში გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი.
ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგმარეობაა გამოცხადებული.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, დახმარების თხოვნით გუშინ მიმართა.