ყაზახეთში შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა, პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს დახმარების თხოვნით მიმართა
05/01/2022 21:00:44 მსოფლიო
ყაზახეთში დემონსტრანტებსა და სამართანდამცველებს შორის შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რვა თანამშრომელი დაიღუპა, დაშავებულია ძალოვანი უწყების 317 თანამშრომელი.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს დახმარების თხოვნით მიმართა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი ვალდებულია, რეაგირება იქონიოს თოყაევის მიმართვაზე.
პარალელურად, შეიარაღებულმა ძალებმა დემონსტრანტების მიერ დაკავებული ალმათის აეროპორტის გათავისუფლება შეძლეს.
ქალაქ ალმათის კომენდატურის ცნობით, ყაზახეთის ხელისუფლება ქალაქში "ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას" ატარებს.
ასევე, კომენდატურამ ყაზახეთის მოსახლეობას მოუწოდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და ხელი შეუწყონ სამართალდამცავ ორგანოებს მუშაობაში.
მთელი დღის განმავლობაში ყაზახეთის მსხვილ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდებოდა. ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს. ქვეყნები ყაზახეთის მიმართულებით რეისებს აუქმებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი გაითიშა ინტერნეტი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ რეგიონში ინტერნეტმა მუშაობა აღადგინა.
მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.
ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში აქციები 2 იანვარს დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად გათხევადებული აირის მოულოდნელ გაძვირებას აპროტესტებდნენ. საწვავი, რომელსაც ავტომფლობელების უდიდესი ნაწილი იყენებს, 1 იანვრიდან ორჯერ გაძვირდა და ერთი ლიტრის ფასი 120 ტენგე(28 ამერიკული ცენტი) გახდა. მოგვიანებით, მომიტინგეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.


